პნევმონია
რა არის პნევმონია (ფილტვების ანთება)?
ბრონქიტის მსგავსად, პნევმონია გულ-მკერდის ღრუში მდებარე სასუნთქი გზების ანთებაა. თუმცა, უფრო ღრმად ვრცელდება სასუნთქ გზებში, ვიდრე -ბრონქიტი.
პნევმონია არის ყელის ქვემოთ მდებარე სასუნთქი გზების ინფექცია, რომელიც ბრონქიტზე უფრო შორსაა წასული.
პნევმონიის მიზეზები
ფილტვების ანთებას იწვევს ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექცია. მოზრდილებში პნევმონიის ყველაზე ხშირი მიზეზია ბაქტერია. ფილტვების ანთების გამომწვევ ვირუსებს შორის მოზრდილებში ყველაზე ხშირია გრიპის ვირუსი.
რა გავლენას ახდენს პნევმონია ორგანიზმზე
ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია იწვევს ალვეოლების ანთებას. ამის შედეგდ ალვეოლებში გროვდება სითხე და ჩირქი.
პნევმონიის სიმპტომები
ბრონქიტის მსგავსად, პნევმონიის სიმპტომებია მშრალი ან სველი ხველა და ცხელება. ასევე შეიძლება განვითარდეს შემცივნება და სუნთქვის გაძნელება.
პნევმონიის სიმძიმე
პნევმონიის სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე. პნევმონიის სიმძიმეზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, როგორიცაა სასუნთქი გზების ანთების გამომწვევის ტიპი, პაციენტის ასაკი და ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობა. პნევმონია უფრო მძიმედ მიმდინარეობს 5-წლამდე ასაკის ბავშვებში, 65 წელს გადაცილებულ პირებში, გულის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) ან სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში.
პნევმონიის რისკის ფაქტორები
პნევმონიის განვითარების რისკს ზრდის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, თამბაქოს მოხმარება და სხვა სამედიცინო მდგომარეობები.
პნევმონია შეიძლება განვითარდეს ყველა ასაკში. თუმცა მძიმე პნევმონიის განვითარების რისკი მაღალია ორ ასაკოვან ჯგუფში:
-
ორ წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული.
-
65 წელს გადაცილებულნი და უფრო ხანდაზმული პირები, რადგან მათი იმუნური სისტემა განიცდის ასაკობრივ ცვლილებებს.
პნევმონიის რისკს ასევე ზრდის შემდეგი ფაქტორები:
-
სიგარეტის მოწევა
-
ახლო წარსულში გადატანილი გრიპი
-
სასუნთქი გზების დაავადებები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ბრონქოექტაზია ან მუკოვისციდოზი.
-
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, განსაკუთრებით ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე ყოფნა.
-
ხველის გაძნელება, მაგ. ინსულტის გამო
-
ყლაპვის გაძნელება
პროფილაქტიკა
-
ზოგიერთი ტიპის პნევმონიის პროფილაქტიკა შესაძლებელია აცრებით, მაგ. პნევმოკოკური ბაქტერიით, გრიპის ან ინფლუენცა ვირუსით გამოწვეული პნევმონიის. აცრას არ შეუძლია ყველა ტიპის პნევმონიის პროფილაქტიკა. თუმცა, აუცრელ პირებთან შედარებით, აცრილ პაციენტებს პნევმონიის უფრო მსუბუქი სიმპტომები აქვთ, დაავადების ხანგრძლივობა შედარებით მცირეა და იშვიათად ვითარდება სერიოზული გართულებები.
-
სათანადო ჰიგიენა, მაგ. ხელების საპნით დაბანა ბაქტერიების მოსაშორებლად, პნევმონიის პრევენციის ერთ-ერთი გზაა.
-
თამბაქოს მოწევის შეწყვეტა პნევმონიის პროფილაქტიკაა, რადგან მოწევა აქვეითებს სასუნთქი გზების სხვადასხვა გამომწვევისგან დაცვის უნარს.
-
იმუნური სისტემის გაძლიერება ვარჯიშით და ჯანსაღი კვებით, ასევე პნევმონიის პრევენციის საშუალებაა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ:
მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, სველი ხველა, რომელიც არ მცირდება ან უარესდება, სუნთქვის უკმარისობა ჩვეულ ფიზიკურ დატვირთვაზე, სუნთქვის ან ხველის დროს ტკივილი გულ-მკერდში, გაციების ან გრიპის შემდეგ მდგომარეობის უეცარი გაუარესება.