Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

მწვავე ბრონქიტი

რა არის მწვავე ბრონქიტი?

მწვავე ბრონქიტი არის ბრონქების ანთება, რომელიც, ჩვეულებრივ, სწრაფად ვითარდება და გრძელდება 3-დან 10 დღემდე. თუმცა, ხველა და ნახველი ანთების ჩაცხრომის შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა. 

ილუსტრაცია გვიჩვენებს, რომ მამაკაცი ცდილობს ნახველის ამოხველებას, რაც მწვავე ბრონქიტის სიმპტომია
ილუსტრაცია გვიჩვენებს, რომ მამაკაცი ცდილობს ნახველის ამოხველებას, რაც მწვავე ბრონქიტის სიმპტომია

მწვავე ბრონქიტის მიზეზები

ჩვეულებრივ, მწვავე ბრონქიტის გამომწვევი მიზეზია ვირუსული ინფექცია. იშვიათად, შეიძლება განვითარდეს ბაქტერიული ინფექციის შედეგად, რომლის სიხშირე 10%-ზე ნაკლებია. შეიძლება გამოიწვიოს გამღიზიანებლის შესუნთქვამ, როგორიცაა თამბაქოს კვამლი, აირები, მტვერი და დაბინძურებული ჰაერი. 

რა გავლენას ახდენს მწვავე ბრონქიტი ორგანიზმზე?

ინფექცია, როგორც წესი, იწყება ცხვირიდან და ყელიდან და ვრცელდება ბრონქებში. ორგანიზმი ცდილობს ინფექციას ებრძოლოს, რაც იწვევს ბრონქების შეშუპებისა და ხველის განვითარებას. ზოგჯერ ხველა შეიძლება მშრალი იყოს, მაგრამ ჩვეულებრივ ხდება ლორწოს ამოხველება. ბრონქების ანთების გამო, მცირდება ჰაერის მოცულობა, რომლის გატარებაც შესაძლებელია, ვითარდება მშრალი ხიხინი, გულ-მკერდის შებოჭილობა და ქოშინი. საბოლოოდ, იმუნური სისტემა ამარცხებს ინფექციას. 

მწვავე ბრონქიტის სიმპტომები

მწვავე ბრონქიტის ხშირი სიმპტომებია: 

  • თეთრი ან რუხი ფერის ლორწოს ამოხველება. მწვავე ბრონქიტი ჩვეულებრივ 3-დან 10 დღემდე გრძელდება. თუმცა, ხველა და ნახველი ანთების ჩაცხრომის შემდეგ რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს. 
  • ხანგრძლივი ხველით გამოწვეული ტკივილი ნეკნების არეში  

  • მშრალი ხიხინი ან მსტვინავი ხმიანობა სუნთქვის დროს 

  • ცხვირის გაჭედვა და გამონადენი გულ-მკერდის შებოჭილობამდე 3 დღით ადრე  

  • საერთო სისუსტე და დაღლილობა 

  • ფიზიკური აქტივობის შემცირება 

მწვავე ბრონქიტის სიმძიმე

მწვავე ბრონქიტი ხანმოკლე დაავადებაა და ჩვეულებრივ, არ იწვევს სუნთქვის ხანგრძლივ გაძნელებას. თუმცა, სუსტი იმუნური სისტემის ან სხვა სერიოზული დაავადებების მქონე პირებში, შესაძლოა განვითარდეს მძიმე პრობლემები, როგორიცაა ფილტვების ანთება ან სუნთქვის უკმარისობა. მწვავე ბრონქიტის შედეგად სერიოზული გართულებების რისკის მქონე პირებს მიეკუთვნებიან:

  • ხანდაზმულები 

  • ბავშვები 

  • პირები, რომელთაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე ან შაქრიანი დიაბეტი 

  • პირები, ვისაც არ ჩატარებია გრიპის, პნევმონიის და ყივანახველას საწინააღმდეგო აცრები

მწვავე ბრონქიტის რისკის ფაქტორები

მწვავე ბრონქიტის რისკის ფაქტორებია: 

  • გაციებულ ან მწვავე ბრონქიტის მქონე ადამიანთან ახლო კონტაქტი 

  • ასაკით გათვალისწინებული ვაქცინაციის გამოტოვება 

  • თამბაქოს კვამლის, აირების, მტვრის და დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება 

პროფილაქტიკა

შემდეგი ღონისძიებები ამცირებს მწვავე ბრონქიტის განვითარების რისკს:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები, რათა თავიდან აიცილოთ ვირუსებით და ბაქტერიებით ინფიცირება 

  • ყოველწლიურად ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო აცრები 

  • ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ჩაიტაროთ თუ არა პნევმონიის საწინააღმდეგო აცრა, მითუმეტეს, თუ 60 წლის ან მეტი ასაკის ხართ 

  • შეწყვიტეთ მოწევა 

  • როდესაც კონტაქტი გაქვთ სასუნთქი გზების გამღიზიანებლებთან, როგორიცაა საღებავი, საღებავის გამხსნელი ან ლაქი, იხმარეთ ნიღაბი 

როდის უნდა გაესინჯოთ ექიმს?

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენს შვილს მწვავე ბრონქიტი გაქვთ ან სიმპტომები გაგიხანგრძლივდათ, მიმართეთ ექიმს.